English / ქართული / русский /
თეა ლაზარაშვილი
საინვესტიციო გარემო და მისი თავისებურებები საქართველოში

რეზიუმე

ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ფორმირება, როგორც მიკრო, ისე მაკრო - ეკონომიკაზე, მთელი რიგი ურთიერთ დაკავშირებული პროცესების ზეგავლენის შედეგად ხორციელდება.

საქართველოში ინვესტიციური გარემოს ერთმნიშვნელოვნად შეფასება საკმაოდ რთულია. საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად აუცილებელია კომპლექსური ფაქტორების დამუშავება და ანალიზი. მათ შორის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მდგომარეობის, ფინანსური რესურსების, სოციალური სფეროს, პოლიტიკური გარემოს, მეურნეობის ზოგადი სტრუქტურის შესწავლა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისას საქართველოში გათვალისწინებული იყოს ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის საკითხიც.

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, აღმოიფხვრას დისპროპორციები რეგიონული განვითარების კუთხით, რისთვისაც საჭიროა განვახორციელოთ ისეთი საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც ჩამორჩენილ რეგიონებში გაზრდის მოტივაციას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ეს კი დაგვეხმარება, აღვადგინოთ და ეფექტიანად ავამუშაოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგები.

ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, შემცირდეს სხვაობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და შიგა ინვესტიციებს შორის. აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მობილიზება ქვეყნის რეალურ სექტორში განხორციელდეს.

 საკვანძო სიტყვები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა,  ეკონომიკური ზრდა.

 შესავალი

საქართველოში ინვესტიციური გარემოს შესაფასებლად  აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მდგომარეობის, ფინანსური რესურსების, სოციალური სფეროს, პოლიტიკური გარემოს, მეურნეობის ზოგადი სტრუქტურის შესწავლა და სხვა.

დღესდღეობით მსოფლიოში უცხოური დაბანდებების განხორციელების მრავალი ფორმა და მეთოდი გამოიყენება, თუმცა ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რადგან საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა სწორედ პირდაპირი რეალური ინვესტიციებია. ეკონომიკური რეფორმის მნიშვნელოვან პრობლემას საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მათი რაციონალური გამოყენება წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა და მისი ჩართულობის დონე მსოფლიო მეურნეობაში.

მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ უცხოელი ინვესტორების მოტივაციაზე, რომელიც ყველაზე მეტად გამოკვეთილია თანამედროვე ეტაპზე. ესაა, პირველ რიგში, ინვესტირებად ქვეყანაში რესურსებზე არსებულ რეალურზე უფრო დაბალი ღირებულება, ახალი ბაზრების დაპყრობა და სხვა.

როდესაც საუბარია უცხოური ინვესტიციების გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები: პირველ რიგში თუ რამდენადაა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა, როგორია საბაზრო მექანიზმების განვითარების ხარისხი, რამდენადაა მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა და სხვა. იმისდამიხედვით, თუ ეკონომიკის რომელ სექტორში ხდება ინვესტირება და ინვესტიციების რა ფორმები და მეთოდები გამოიყენება, ეკონომიკაზე სხვადასხვანაირად აისახება. ინვესტიციების გავლენა შეიძლება გამოვლინდეს: ეკონომიკის ზრდის ტემპში, ინვესტიციური აქტიურობის გამოცოცხლებაში, ტექნოლოგიური პროგრესის ზრდაში, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში და სხვა.

ინვესტიციების დადებით ეფექტს წარმოადგენს ისიც, რომ იგი  არა მარტო იმ დარგის განვითარებას იწვევს, სადაც იდება ინვესტიციები, არამედ მომიჯნავე დარგებისასაც.

ინვესტიციების მოზიდვისას ქვეყანაში შემდეგი ფაქტებია გასათვალისწინებელი:

  1. თუ რა სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში;
  2. საინვესტიციო ბიზნესის ხელშეწყობა;
  3. ეკონომიკური ფაქტორები.

ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად უნდა შეიქმნას ხელსაყრელი კლიმატი და მისი ეფექტიანად გამოყენებისათვის ჩამოყალიბდეს საჭირო მექანიზმები. როდესაც  ქვეყანა განიცდის საკუთარი სახსრების დეფიციტს, შიდა ინვესტიციების განხორციელებისათვის ერთადერთი გზა პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვა რჩება. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა საინვესტიციო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანა, რადგანაც სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის ინვესტიციები შემოვა და როგორ მოხდება მათი ეფექტიანად გამოყენება. სწორედ ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ქვეყანაში.

როდესაც საუბარია ქვეყენაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე,  პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეს ინვესტიციები მიიმართოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. მთლიანობაში, უცხოური ინვესტიციების ეფექტიანობა დამოკიდებულია ქვეყანაში მოზიდული ინვესტიციების ხარისხსა და რაოდენობაზე. თანაც მნიშვნელოვანია, ინვესტიციებმა უზრუნველყოს ახალი ტექნიკა-ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში, დაინერგოს ინოვაციები, ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული, აგრეთვე დაცული იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოება  ყოველივეს გათვალისწინებით ძალზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სწორი ინვესტიციური პოლიტიკის განსაზღვრას, რადგან საბაზრო მექანიზმები ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს ინვესტირებისადმი მხარდაჭერა იმ დარგებსა და რეგიონებში, რომელთა განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საწინდარია.  მეცნიერულად დასაბუთებული ინვესტიციური პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელი იქნება მათ ეფექტიანობაზე საუბარი.

ინვესტიციების მოზიდვისას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება უცხოელი ინვესტორებისათვის სამართლებრივი გარანტიების მიცემას, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები კანონით იქნება დაცული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს მთავარი მიზანია ისეთი ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბება, რომელშიც კერძო სექტორი თავისუფალი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაში და  მაქსიმალურად იქნება დაცული საკუთრების უფლება.

როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის  ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია, კერძო სექტორი იყოს თავისუფალი და მთავრობის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ეფექტური. ამისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციური გარემო ჩამოყალიბდეს, სადაც საკუთრების უფლება იქნება მაქსიმალურად დაცული, კორუფციის დონე იქნება დაბალი და სხვა.

საქართველო უცხოური ინვესტირებისათვის მიმზიდველი ქვეყანაა შემდეგი გარემოებების გამო: აქ მიმზიდველი ეკონომიკური გარემოა, მოქმედებს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები, ლიბერალურია საგადასახადო კოდექსიც, აქტიურად ხდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებაროება, აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველო  უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა.

როდესაც ვსაუბრობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მსოფლიო ბანკის კვლევებზე, კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო განვითარების ანგარიშზე, სადაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის კონტექსტში საქართველოც მოხვდა. ანგარიში ძირითადად ეხება დასაქმების, ციფრული ჩართულობის, ელ-მმართველობის, გადასახადების გადახდის ელექტრონული სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შეფასებას მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. კვლევაში განხილულ საკითხებს შორისაა განვითარებად ქვეყნებში სამუშაოს კომპიუტერიზაციის მაჩვენებელი. კვლევის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მაღალია ისეთი პროფესიების რაოდენობა, რომელსაც შესაძლებელია კომპიუტერიზაცია შეეხოს, თუმცა ასეთ ქვეყნებში ეს პროცესი გაცილებით ნელა ხორციელდება, რადგანა იქ მცხოვრებ დასაქმებულთა მხოლოდ 1/3 იყენებს ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს.

კვლევის მიხედვით დღესდღეობთ საქართველოში სამუშაოს 40%-ია კომპიუტერიზებული, თუმცა 60%-ის კომპიუტერიზებაა შესაძლებელი. ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება ლატვიასა და ლიტვას.

ციფრული ტექნოლოგიებისაგან  მიღებული სარგებლის ფართოდ გავრცელება განპირობებულია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით დასაქმების სხვადასხვა სფეროში. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას დადებითი გავლენა აქვს დასაქმებასა და დასაქმებულთა ხელფასზე, რომელიც ძირითადად სამი მიმართულებით ხორციელდება: სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმებულის პროდუქტიულობის გაზრდა და მომხმარებლისათვის სარგებლის მოტანა.

როგორც კვლევა ცხადყოფს, გადასახადის დარეგისტრირებისა და გადახდის ელექტრონული სისტემის შემოღების შემდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საგადასახადო შეღვათების ალბათობა საშუალოდ 13%-ით შემცირდა, საქართველოში 15%-ით.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სფერო ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვა. ეს სისტემა უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და მნიშვნელოვნად შეამცირებს სახელმწიფო დანახარჯებს. ეს კი, თავის მხრივ, უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წინაპირობაა.

საქართველოს მსგავსად, ბევრმა ქვეყანამ განახორციელა ინვესტიცია ციფრულ ტექნოლოგიებში, თუმცა ვერ შეძლო სათანადო გარემოს შექმნა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარების მისაღწევად.

მსოფლიო ბანკის 2016 წლის განვითარების ანგარიშში საქართველო განეკუთვნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანას, რომელიც გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. მსოფლიო ბანკის ანგარიშში გასატარებელი პოლიტიკის კუთხით, სამი პრიორიტეტული მიმართულებაა წარმოდგენილი, რომლებშიც საჭიროა კომპლექსური რეფორმების განხორციელება.

- რეგულატორები - ბიზნესგარემო, სადაც კონკურენციის პირობებში კომპანიებს შეეძლებათ,  ინტერნეტი და ინოვაციური ტექნოლოგიები მომხმარებლების სასარგებლოდ გამოიყენონ;

- უნარები - დასაქმებულები, მეწარმეები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ ციფრული ტექნოლოგიებით;

- ინსტიტუტები - ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელიც ეფექტიანად გამოიყენებს ინტერნეტს მოქალაქეთა ჩართულობის და საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მსოფლიო ბანკის კიდევ  ერთი პროექტი „Doing Business“ უკვე რამდენიმე წელია იკვლევს მსოფლიო უმეტესობა ქვეყნებს ბიზნესისათვის  ხელსაყრელი გარემოს შეფასების თვალსაზრისით.  ამ კვლევის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე იმყოფება. საქართველო წინა წელთან შედარებით რვა პოზიციით დაწინაურდა. ამ  დაწინაურების მიზეზი 2015-2016 წლებში გატარებული რეფორმებია, რომელიც ეხება ქონების რეგისტრაციას, კერძოდ  თბილისში მიწის ადმინისტრირება გაუმჯობესდა, კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით, რამაც საქართველოს პოზიცია მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის სიმარტივით გააუმჯობესა და მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოში აგრეთვე გაძლიერდა მცირე ინვესტორების დაცვა მინოტარ აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში, რის გამოც მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებამ ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფად წარდგენის საშუალება მოგვცა,   აგრეთვე დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. ყოველივე ამან საგარეო ვაჭრობის სიმარტივის მიმართულებით საქართველო 54-ე ადგილზე გაიყვანა. საგადასახადო სისტემის კუთხით საქართველო 22-ე პოზიციას იკავებს.

კვლევის მეთოდოლოგიის ცვლილების გამო საქართველომ 2016 წელს 9 პოზიციით უკან დაიხია და 24-ე ადგილი დაიკავა, თუმცა 2006 წელს მას 98-ე ადგილი ეკავა.

თუ დავეყრდნობით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.

2012-2016 წლების მონაცემები მოცემულია  დიაგრამაზე.

დიაგრამა 1

 

 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2012-2016 წწ.

(მლნ აშშ დოლარი)

მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული (ცხრ. 1).

ცხრილი 1

 

ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2016 წლის მიხედვით (მლნ.აშშ დოლარი)

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2016 წლის მიხედვით, შემდეგი სურათი გვაქვს.

ცხრილი 2

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2012-2016 წწ. (მლნ. აშშ დოლარი)

დასკვნა

სტატისტიკურ მონაცემს თუ დავეყრდნობით, ბოლო წლებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი:

- ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სტაბილური საკანონმდებლო გარემო. ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები აფრთხობს ინვესტორებს;

- საკმაოდ გაჭიანურდა შრომის კოდექსის რეფორმირების პროცესი;

- ახალი რეგულაციები საფოსტო მომსახურებასა და შრომითი მიგრაციის სფეროში;

- საქართველოში აგრეთვე არ არსებობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ეკონომიკის ყველა სფეროს.

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი - ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ საქმიანობა უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა გახდეს, რაც მის საქმიანობას უფრო მეტად ეფექტურად წარმართავს.

საჭიროა ქვეყანაში ისეთი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გატარება, რომელიც გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს საქართველოში და უფრო მეტად გაზრდის ინვესტორების ნდობას.

აუცილებელია ქვეყანაში გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ე. ბარათაშვილი, დ. მაგრაქველიძე. 2009. საქართველოში საინვესტიციო გარემოს სრულყოფის პრინციპები. თბილისი.
  2. ვლ. პაპავა, თ. თაფლაძე. 2013. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ. ჟ. „ეკონომისტი“, 12.
  3. https://idfi.ge/ge/world-bank-development-report-2016-georgia
  4. www.nbg.gov.ge
  5. www.mfa.gov.ge
  6. www.geostat.ge